1. არქივი არ იქნება
წინასიტყვაობა
ეს პუბლიკაცია უძვირფასესი მარცხია. ვერ მოვიტყუები, მუშაობა რომ დავიწყეთ, არც მაშინ იყო რაიმე კარგად, მაგრამ ხავსს ჯერ ისევ მყარად ჰქონდა სივრცე მოკავებული და ჩვენც ჩავეჭიდეთ. დავისახეთ მიზანი. გვსურდა, ისეთი არქივისთვის ჩაგვეყარა საფუძველი, სხვაგან რომ გვინახავს და გვიფიქრია - ნეტავ, ეს ჩემს ქვეყანაში როგორი იქნებოდაო; ან ისეთი არქივისთვის, - მოარულ ხმებად ქცეულ ამბებს თავს რომ მოუყრიდა და განგრძობითობის განცდით გააერთიანებდა. გვინდოდა შეგვექმნა რაღაც, რასაც ქვიარ არქივს თუ არა, ქვიარ არქივის ჩანასახს მაინც ვუწოდებდით.
შევიყარეთ მარიამები, ნინა, კიკო და მე. გადმოვალაგეთ ტექსტები. ჯერ არქივის ავანჩავანში გავერკვიეთ, ქვიარობაზე მეტი გვეთქმოდა და შევუდექით მიზნის განხორციელებას. არქივი ფართო ცნებაა, ფართო ფორმატისა და მედიუმის. ამ მედიუმებზე როგორ უნდა გვემუშავა? რაზე უნდა გვქონოდა მთავარი აქცენტი? - ვიკითხეთ არაერთხელ, მოვიძიეთ პასუხები და საბოლოოდ, შევჯერდით - მოვჩხრეკდით ყველაფერს, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა.
ქვიარ არქივთან შეთამაშების სურვილი პირველად არ გაგვჩენია. წელიწადზე მეტხანს ვუტრიალეთ გარშემო. ისტორიული განგრძობითობის დანახვის ლტოლვით, ხან ბავშვობის ამბიდან დალექილ პერსონაჟებს გადავწვდით, ხანაც წლობით ნაგროვებ ჟურნალ-გაზეთებში ჩავძვერით. არც ჭორები გამოგვრჩენია და არც აქტივიზმზე მიბმული დროის ხაზი. ზოგჯერ გავაფართოვეთ, ზოგჯერ კი, მეტად ვიწრო გაგებით მოვნიშნეთ “ქვიარი” წარმოსახვით საძიებო ველში. მეგობრებიც დაგვეხმარნენ. აი, ისინი (და არა მხოლოდ) პუბლიკაციაშიც რომ მარტივად მიაგნებთ. და ასე, ავად თუ კარგად, რაღაც შევკარით.
მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა. მიზანი, რომელზეც ჩვენი ენერგია უნდა ყოფილიყო მიმართული, უცხო და შორეული გახდა. ზურგში მოგვეწია კანონების წყება, ზოგი სიძულვილის, ზოგი მხუთავი, ზოგი გამყვლეფი და კიდეც მოიგლიჯა ხავსმა თავი (ვინ იცის, ამას რომ ვწერ, იქ ახალ კანონს აცხობენ). გუშინ, წარსულში დასახული გეგმები, დღეს ფუფუნებად გვექცა და ასე დავრჩით აწმყოს ამარა, არქივისგან ხელმოცარულები.
სწორედ ამიტომ, ეს პუბლიკაცია უძვირფასესი მარცხია, რომელიც პირვანდელ იმედებს ვერ ამართლებს, მაგრამ თან, ქმედით წამლად გვექცა უიმედობის ჟამს. ის დაცლილია არქივის პრეტენზიისგან, მაგრამ ვერც ივიწყებს მის არსებობას. აქ თქვენ ვერ ნახავთ შემდგარ არქივს, თუმცა ის თავადაა ჩვენი დროების არქივი. ეს პუბლიკაცია არის რაღაც, რაც ვერ შედგა და ამავდროულად, შეუძლებელია, ამაზე უკეთ შემდგარიყო.
თათია დვალი


