2.არქივი არ იქნება: ხუთკუთხედი აზრები არქივზე
მარიამ კახნიაშვილი
I.
მახსოვრობას მკვეთრი საზღვრები აქვს. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როდესაც აწმყოსთან შესაჭიდებლად, მიწევს გადავიაზრო რას ვეჭიდები, რას ვივიწყებ და რას ვიმეტებ ქარისთვის გასატანებლად. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული - რატომ იშლება ზოგი რამ ასე რთულად? რა გვიბიძგებს ზოგი რაღაცის ასე სათანადოდ, ღრმად შენახვისკენ? ტვინის ბუნებრივი, მუდამ თანმდევი დახარისხების ჩვევის გათვალისწინებით, გვაქვს კი არჩევანი იმაში, თუ რას დავიტოვებთ და რას გავუშვებთ?
მახსენდება “ფუნესის მეხსიერების” მთავარი პერსონაჟი, რომელიც ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ იდეალურ მეხსიერებას იძენს. ყველა დეტალი თანაბარი სიცხადით ამახსოვრდება - ისტორიული ფაქტებით დაწყებული და დღის განმავლობაში დალანდული ღრუბლების ფორმით დამთავრებული. ფენებად დაგროვებული მახსოვრობა ნელ-ნელა იმის საშუალებასაც კი აძლევს, რომ ინტუიციურად განჭვრიტოს და გაანალიზოს ალის გეომეტრიული, ცვალებადი ფორმები; გაიხსენოს ყოველი ბზარი, ყოველი სახლის კედელზე, რომელშიც ოდესმე ყოფილა; და დაახარისხოს ყოველი რიცხვი მისივე მოფიქრებული სისტემით. თუმცა მალევე, მოწოდებული მაღალსიხშირიანი, უწყვეტი, გაუფილტრავი ინფორმაციის ნაკადის გამო, მას ძილის და ნორმალურად ფუნქციონირების უნარი ეკარგება - ყოველ კუთხეში ახალი სტიმულაციის წყარო ბუდობს და მეტასტაზურად მუდამ ახალ ჩასაღრმავებელ, დასაკავშირებელ და დასამახსოვრებელ მასალას ბადებს. ყველაფერთან ერთად, მას თანდათან განზოგადების, აზროვნების, აბსტრაქციის უნარი ერთმევა. მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული მოვლენები და შესაბამისად, მოგონებები მათ შესახებ, მისთვის აღარ არსებობს. ყოველი დიდი, თუ პატარა გამოცდილების უთვალავი დეტალი ტაქსონომიის გარეშე კავდება და არასდროს იშლება გონებიდან. რადგან ბუზის გაფრენა და საყვარელ ადამიანთან გატარებული საათები თანაბრად მნიშვნელობს, ვეღარაფერი უღრმავებს ემოციურ კავშირს სამყაროსთან, ვერაფერი ცვლის მის ხედვას.
არქივირების ნებისმიერი მცდელობისას, მეხსიერებასა და დამახსოვრებაზე ყურადღების გამახვილება ბუნებრივია. შინაარსიდან გამომდინარე, თავდაპირველად იმაზე გვიწევს ფიქრი, თუ რას ვინახავთ, რის მიხედვით ვასათაურებთ, როგორ ვახარისხებთ. კონკრეტულ ისტორიაზე ან პიროვნებაზე კონცენტრირებისას, მასალის მოძიების და მისი ნარატიულად გამართვის სამუშაო საწყისიდანვე მძიმე და მუდამ ჭარბია. ვუკირკიტებთ ნარჩენებს, ოჯახის ან სხვა შემნახველების წყალობით გადაგვარებას გადარჩენილ არტეფაქტებს: წერილებს, დღიურებს, ფოტოებს, ნახატებს, სამოსს, და ზეპირსიტყვიერ ისტორიებს; მივუყვებით ამბების ხაზებს, რომელიც თავიდან მკრთალი ან უთავბოლოდ გადახლართულია, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო მკაფიო და დალაგებული ხდება. ამ აღმოჩენის დაუღალავ პროცესში მოქცეულები, მარტივია მასალის არსებობით აღტაცებას, შემდეგ კი მისი მექანიკური დახარისხების და შენახვის ხიბლს მივეცეთ.
დავიწყება და დავიწყებულის ახლიდან აღმოჩენა, როგორც არქივირების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ხშირად ჩრდილში გვრჩება. ინფორმაციის სიმწირე, მიფანტულობა, მომავლისთვის შემონახული ფაქტების გაცხადების ბუნდოვანი შესაძლებლობა ტრადიციულად დაბრკოლებად გვესახება, თუმცა შეიძლება ფუფუნებაც კი იყოს. ფუნესის მაგალითს თუ დავუბრუნდებით - ულევი, ყოვლისმომცველი, მიკროსკოპული დეტალების მაგივრად პაზლის ცალკეული ნაგლეჯები რომ გვხვდება - შვებაა, მახსოვრობის პოტენციურად მაპარალიზებელი ძალისგან გაქცევის საშუალება.
რომ არ არსებობდეს ნაპრალები, რომ არ გვქონდეს შემზღუდველი საზღვრები, საიდან დავიწყებდით ძიებას?
II.
მასალის რაოდენობის და მისი ნაწილების დროში მიმოფანტულობის განურჩევლად, ყველა არქივს ჰყავს ავტორი ან სულ მცირე, ინიციატორი. სწორედ მისი ხედვის თანახმად შეირჩევა ისტორიის ის ვერსია, რომლის ობიექტურობასაც გაამყარებს არსებული მასალა. ხშირ შემთხვევაში, ნარატივის მეთაურად ისეთი ოფიციალური, ძალაუფლებრივი ავტორიტეტის მქონე სტრუქტურები გვხვდება, როგორიც სახელმწიფოა. ამაში საფრთხილო კი ის არის, რომ ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკურ წყობაში ხშირად ეროვნული ნარატივის რესტრუქტურიზაციასაც მოიცავს. ზოგ მოვლენას მნიშვნელობა ეცვლება, ზოგის შენახვა კი საერთოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი ან მეტიც, დამაზიანებელი ხდება იმ რეალობისთვის, რომლის ლეგიტიმიზაციასაც დომინანტური პოლიტიკური ძალები ცდილობენ.
ზოგ ნარატივს შესაძლოა გარკვეული სამიზნე ჰყავდეს, ნაკლებად აინტერესებდეს მისი ყოველდღიურობის სრულფასოვნად აღწერა და მეტად, მისთვის მოსახელთებელი, სელექციური სახე-ხატის შექმნა. ასეთი მოპყრობა განსაკუთრებით არანორმატიულ ისტორიებს, პირებსა და მოვლენებს ხვდება ხოლმე წილად. დიდი ხნის განმავლობაში დატრიალებული ნარატივები კი საზოგადოების ქსოვილში უფრო და უფრო ღრმა, ძნელად შესაცვლელ ნეირონულ ბილიკებს ტოვებს. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება უკეთესიცაა, როდესაც ისტორიის რაღაც მხარე ოფიციალური, ეროვნული ნარატივის მარყუჟებს მიღმა რჩება, ფილტრაციის სისტემას თავისი უხილაობით უვლის გვერდს და სწორედ ამით იტოვებს გადარჩენის შანსს. კი, შეიძლება შედეგად ამ ისტორიების არსებობა სრულიად მიიმალოს, ზეპირსიტყვიერ მითებად მხოლოდ რჩეულებთან გავრცელდეს ან დავის საკითხი გახდეს, მაგრამ უმეტესად, მოცდად ღირს, რომ ისტორია ისეთი ავტორის ხელში ჩავარდეს, რომელიც მას პატივისცემით მოეკიდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, არქივის შექმნა კატეგორიზაციის და კატალოგიზების სისტემის შექმნასაც მოითხოვს. ამრიგად, არქივზე მომუშავე ადამიანი მკითხველი ხდება, რომელიც წარდგენილ მასალას ინტერპრეტაციას უკეთებს, შემდეგ კი, ლოგიკურ ჯაჭვებად ანაწილებს. ნებისმიერი არქივი მისი შემქმნელის, დამხარისხებლის იდენტობას ირეკლავს, მის მიერ მოთხრობილ ამბად ყალიბდება. შესაბამისად, ობიექტურობაზე ყურადღების გამახვილება საკმაოდ ფუჭი ხდება - ან სულ ცოტა, ხელს აფარებს იმ რეალობას, რომ ჩვენთან მოსული არქივი კონკრეტული გამოცდილებების, ინტერესების და ხედვის მქონე ადამიანმა შეგვიფუთა. პირიქით, შეიძლება მეტიც გავიგოთ თუ არქივირებას ისეთ პროცესად აღვიქვამთ, სადაც სუბიექტური პირის წარმოსახვის მეშვეობით ნაპრალების შევსებას და ტექნიკურ სიზუსტეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. სავარაუდოდ, ბევრად მეტის აღქმის საშუალება გვექნება, თუ არქივს ისე მივუდგებით, როგორც მიმოფანტული არტეფაქტების დახმარებით შექმნილ მონათხრობს.
III.
ამ პუბლიკაციას ტვინში მეორად არქივს ვეძახი. ვიკვლევ რაღაცას, რაც ტოტალურ კატეგორიზაციას სწორედ თავისივე უნიკალურობის გამო უსხლტება. პოვნა რთულია. დახარისხება კიდევ უფრო. მახსენდება ნესტიანი გარაჟი დელისთან, რომელშიც მხოლოდ 2 ადამიანისთვის საკმარი გასავლელია დატოვებული ტანსაცმლის გორებს შორის. სკამზე მოკალათებული მეპატრონე სავსე ტანსაცმლის ფუთებიდან ნივთებს კედლებთან განლაგებული გორებისკენ ისვრის. უმეტესობა ძირს ვარდება.
მანდ ყოფნისას ავადდები. ჭია გიჩნდება, რომელიც დაჟინებით გკარნახობს, რომ ნებისმიერ წამს, ნებისმიერ კუთხეში შეიძლება საგანძურს გადააწყდე. ის გაწყვეტილი, დანამცეცებული, ყურადღების მიღმა დარჩენილი, არანორმატიული არსებობის შემნახველი არქივი, რომელსაც ჩვენ შევეჭიდეთ ზუსტად ამ გრძნობას მიღვიძებს. სწორმა გახედვამ, სწორ დროს გაწოდებულმა ხელმა შეიძლება მოულოდნელად განძი მოიტანოს.
IV.
არ მგონია, რომ ცხოვრების დრამატურგიის შეგრძნების თანდაყოლილი ნიჭი მაქვს. თუმცა უკვე წლებია, გათვითცნობიერებული მაქვს რომ ცხოვრების ნარატივად ქცევა მასში გზის გაკვალვის უბრალოდ ყველაზე მოსახელთებელი ხერხი გახდა. ძველი დღიურები თაროებზე და უჯრებში, გამომშრალი მინდვრის ყვავილების თაიგულები, ფოტოები, ვიდეო ჩანაწერები, საფოსტო ბარათები და მეხსიერების ყუთები, რომელთაც ბოლომდე აღარც კი ვხსნი რაღაც ახლის ჩასაკუჭად - ნებისმიერი ნივთი ნარატივის გადასაწერად ან გასაღრმავებლად შეიძლება გამოდგეს.
შეუმჩნევლად, თუ გაცხადებულად, ყველა ჩვენგანის ტვინში იწერება ისტორია ჩვენი და ჩვენი ახლობლების, გარემოს, რეალობის შესახებ. თავად ვაწარმოებთ საკუთარი არსებობის აღწერას იმაზე დაყრდნობით, თუ რა გამოცდილებების, მოგონებების მიხედვით აღვიქვამთ თავს და შესაბამისად, როგორ ვუთარგმნით მას სხვებს. ამის გამო, ალბათ, საკუთარ თავებს მარად დროში გაფანტული წარსულის, აწმყოს და ყველა შესაძლო მომავლის ნაკრებად უნდა ვხედავდეთ.
მეგონა და დღემდეც ცოტათი მაინც მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის შესახებ საკმარისი არ მახსოვს. სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებ, რომ ყოველთვის ჩუმი და დამთმობი არ ვყოფილვარ - არა და მე ასეთი მახსოვს საკუთარი თავი. სწორედ აქ მიწევს იმასთან შეგუება, რომ ჩემი ცხოვრების არქივს მხოლოდ მე არ ვაწვდი მასალას, არამედ თანაავტორებთან ვიზიარებ ამ ამბის თხრობის პროცესს. მაგალითად, შეიძლება მშვიდად მივუყვებოდე ცხოვრებას, სანამ ვიღაც გამახსენებს, თუ როგორ ვუტოვებდი მუქარის წერილებს დეიდაშვილს, რომელიც მაწვალებდა ხოლმე და უცებ, მიწა, რომელზეც მეგონა, რომ ვიდექი, ჩემგან დამოუკიდებლად იცვლის სახეს.
მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ ფოტოებს და ვიდეოებს ვერ ვუყურებდი. ახლანდელი გადმოსახედიდან, კანიდან ამომგლეჯი უარყოფის განცდა დროში გაფანტულობის შფოთვას მოჰქონდა. ვერ ვიღებდი, რომ შეიძლებოდა ის ადამიანიც, (ეკრანში, ქაღალდზე) ფიზიკურად აღბეჭდილი არსებაც მე ვყოფილიყავი. მის საკუთარ რაობასთან შეერთების ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავდი. ან შეიძლება, სულაც, უთანხმოებას ის იწვევდა, რომ საკუთარი შინაგანი, აფექტური არსებობის გარე, სხვისი ინტერპრეტაციის თანამოწმე ვხდებოდი.
ბოლო წლებია, როგორც მოზარდობისას უფროსები მეუბნებოდნენ, მართლაც მეტი რამ მახსენდება ამ დროის შესახებ. დავიწყებული ნაპირზე ტივტივდება, ნაპრალებს სხვების ისტორიები ავსებს და კოლექტიური შეკოწიწების მეშვეობით, ჩემი სახეც, ჩემი ამბავიც ყალიბდება. ამაში კი ყველაზე მეტად ის დამადასტურებელი მასალა მეხმარება, რომელიც საკუთარ ან ნათესავების ბინებში, ან ციფრულ სანახებში მხვდება.
გაგვიმართლა და ჩვენს ოჯახში ფოტო და ვიდეო კამერებმა საკმაოდ ადრეულად მოიკიდა ფეხი - როცა ზოგს მხოლოდ ზეიმების და მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირების ფუფუნება ჰქონდა, ჩვენთან ყოველდღიურობის ყველაზე ბანალური ნაწილებიც კი ინახებოდა. ყოველთვის ვიაზრებდი, რომ ჩემი მშობლები ფოტოებს და ვიდეოს სამახსოვროდ იღებდნენ. ცდილობდნენ შეენახათ მოგონებები, დღეები, რომელთაც ვიზუალური სიმტკიცე შემოჰქონდათ ბუნდოვანი მახსოვრობის გასამყარებლად. ყველაფერი წლებად, დღეებად არის დახარისხებული, რაც გამაშიშვლებელ კონკრეტიკას აძლევს იმას, რაც სხვა შემთხვევაში უბრალოდ ბუნდოვანი წარსულის ხმაურად იარსებებდა.
V.
წარმოვიდგინოთ შემდეგნაირი სურათი: თეთრ კომბინეზონიანი ადამიანი, რომელიც ხელთათმანებით, ფრთხილად ეხება მასალას სხვადასხვა ეპოქებიდან. კლინიკური დისტანცია, რომელიც პროფესიონალიზმის მაუწყებელია და წარსულიდან შემორჩენილ, შენახვის ღირსად მონიშნულ ნივთებს მექანიკური აღრიცხვის პროცესში ატარებს. ფორმალური არქივირების ასეთ სურათში, ხედვის მიღმა გვრჩება ის ემოციური, თუ წარმოსახვითი პროცესი, რომელიც მაშინვე გვითრევს, როგორც კი მასალას ზედაპირს მიღმა ვაკვირდებით ან მასთან საკმარის დროს ვატარებთ. შეიძლება ვცდები, შეიძლება ზოგი არქივში მომუშავე მართლაც ბოლომდე ინარჩუნებს დისტანციას. თუმცა, როგორც კი მასალის ინტერპრეტირებას იწყებ, ობიექტურობის პრეტენზია მცირდება და მეტიც, ამ ობიექტურობაზე ჩაბღაუჭებით არქივის წარმოების და გამოყენების ხიბლის დიდ ნაწილს კარგავ - მას უბრალო, უსულო მასალად აქცევ. მასალად, რომელიც დამახსოვრებული უნდა იყოს მხოლოდ დამახსოვრებისთვის და არა წარსულის მეშვეობით აწმყო რეალობის გამდიდრებისთვის.
წარსულთან ემოციური კავშირების გაბმით, განვრცობითი ისტორიული ხაზის დანახვით, გადახედვით, ნარატივში ჩაქსოვით, ჩვენს თავსაც და სხვებსაც უფრო მკვეთრად ვხედავთ. აღვიქვამთ, როგორც დროში განგრძობით, ცვალებად, ცოცხალ მატერიას, რომელსაც ვერაფრით გააცალკევებ საკუთარი ქსოვილისგან. სხვების მიერ მოყოლილი ამბები, პირდაპირ გეხება შენ თუ არა, მაინც გამიწებს, გაკავშირებს შენგან დამოუკიდებელ ისტორიასთან და კონტექსტს აძლევს შენს ნაკვთებს, გამომეტყველებებს, თვისებებსა და ქმედებებს.
მოკლედ, არ არის აუცილებელი ყველაფერი მეტაფორა იყოს, მაგრამ ასე უფრო სახალისო არ არის? კუდების მობმა, სიმბოლიზმში ჩაკითხვა. გლიფების, ხორკლიანი ზედაპირების შემჩნევის უნარი რად არის დასათმობი? დაე, მოვაბათ კუდები. თავებს უფლება მივცეთ, რომ გავითავისოთ რაღაც ინტუიციურად, რაღაც ნაკლებად ხელშესახები - უფრო სწორი თვალით სწორ დროს დანახული, სწორი მომსმენის მიერ სწორად გაგებული.
ხორხე ლუის ბორხესი, “ფუნესის მეხსიერება”, 1942.


