5.არქივი არ იქნება:ის სეირნობდა
მ
ბაბუაჩემი მძიმე კაცი იყო,
რაღაც ფოტოებს ან ნივთებს ხშირად მალავდა ხოლმე და შემდეგ ჩვენ გვეჩხუბებოდა, თუ ვერ პოულობდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ მე და ბებიაჩემმა გადავწყვიტეთ ფოტო ალბომები გადაგვეშალა. ალბათ, მეასედ ვათვალიერებდით ამ ალბომებს, არაფერს ვეძებდით კონკრეტულს, მაგრამ რაღაცის პოვნის მოლოდინი მაინც გვქონდა. მე ახალი ისტორიების მოსმენა მინდოდა ამ კაცზე. ვუყურებდით ფოტოებს, სადაც ძველ მანქანებთან ჩვეულად ჩამომდგარიყო, ქეიფის დროს დოქიან მაგიდას წევდა, ან ქუჩაში მარტოსულად იდგა სტალინის ძეგლთან.
ერთ-ერთ სურათზე მეც და ბებიაჩემიც უფრო დიდხანს შევჩერდით. ის ფოტო სხვებისგან განსხვავებული იყო: სამი კაცი კედელს ზურგით ეყრდნობოდა, მათ შორის იყო ბაბუაჩემიც. ისეთი ფოტო იყო, მე რომ მეოცე საუკუნის ქვიარ არქივებში მაქვს ნანახი. ლიბანში, ჰაშემ ელ მადანის სტუდიო შეჰერეზადაში გადაღებულ სურათებს წააგავდა აფექტურად. ნამდვილად იყო ამ სურათში მონათესავე გამომეტყველება. ბებომაც დამაწია - ამ ფოტოების დახევა დამავიწყდაო - მითხრა.
"სულ ერთად დადიოდნენ ბაბუაშენი და ის ორი, ეგენი შეყვარებულები იყვნენ. ხანდახან ვეჭვიანობდი, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. ბაბუაშენი ისეთი იყო – ვერავინ დააკავებდა. მერე იჩხუბეს. ბოლოს თეატრში ვნახეთ მე და ბაბუაშენმა ისინი, სპექტაკლის შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ - მშვიდობითო - ასე უთხრეს. ამის შემდეგ, ჩვენი გზები აღარასოდეს გადაკვეთილა, არ ვიცით ახლა სად არიან, თუ უყვართ ისევ ერთმანეთი."
ბაბუაჩემი ისეთი კაცი იყო, ძველ ბიჭებთანაც რომ სეირნობდა და ცისფერებთანაც.



