8.არქივი არ იქნება: ჩემს ბედს დასცინის ჭანჭური [ღამეა,ვერ ვიძინებ]
თათია დვალი
“პირველსავე წინადადებაზე დამკერა ამ ნაბოზარმა” - არამეორადი წიგნის სიძვირით გაღიზიანებულმა ჩაიბურტყუნა და ჩემთვის უცნობი ავტორი სალაროსკენ წააფრიალა. არ შევიმჩნიე ინტერესი და ნელი სვლით რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარე თაროს. ჩემი ჯიბეები ფულის სიუხვით ისე არ ყოფილა დამძიმებული, რომ უცნობის აღფრთოვანებას მარტივად ავყოლოდი. საბოლოოდ, არც ისეთი გაღლეტილი აღმოვჩნდი, რომ ცდუნებას ვერ წავეძლიე. “რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ჩემმა მოძღვარმა ღმერთს ჩემი მოკვლა შესთხოვა, დედაჩემი აბაზანისკენ გაიქცა და მეც გავეკიდე” - დაწერა მან პირველ წინადადებად და მართლაც, შე ნაბოზარო, სად მქონდა ამის ოცი ევრო.
მაგრამ ეს ამბავი კეისი პარკსის Diary of a Misfit - თან შეხვედრით არ დაწყებულა. იქ აიღო სათავე, სადაც ახლა შედედებული ტყლაპოა, სადაც უკან გახედვის მოუთმენლობაც დათმენილია და სადაც ყუთში ერთად თუხთუხებენ სიგარეტის “ბიჩოკი”, კანფეტის ქაღალდი, წერილები, მამაჩემის გაფუჭებული საათი და ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი, მტკვარზე ხელჩაკიდებული რომ გაცურავდა ნაგვად. ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც პირველად შევინახე მოგონება, ან როდესაც დედაჩემმა ქაღალდის ნაგლეჯზე ჩაიწერა სადარბაზოს კიბესთან რომ ველოდი, ან დავინახე ჩემმა ძმებმა როგორ შემოაპარეს სახლში ის სათამაშო, სულ რამდენიმე საათში თოვლის ბაბუა რომ მაჩუქებდა და ნანახიც გაუთქმელად შევინახე; მაშინ, როდესაც მითხრეს, რომ ბებიაჩემს ვგავდი და ფოტოზე ვერაფერი მოვნახე საერთო; ან მაშინ, ფრანგულის მასწავლებელს რომ ვეძებდი თბილისში და ვიპოვე და დედაჩემის ახალგაზრდობის დაკარგულ საუკეთესო მეგობარს გადავეყარე.
აბაზანაშიც გაეკიდა და გამოსწორების ფიციც დადო. “დედა, ამიერიდან, გეი აღარ ვიქნები” - შეჰპირდა ის. აქედან რამდენიმე წელიწადში კი, სამასრაღაც გვერდი და ვინ იცის, რამდენი ასრაღაც დღე ჩადო იქ, სადაც ადრე, ბებიამისის ახალგაზრდობაში, ყურმოკვრით ეგულებოდა ადამიანი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, “იყო ქალი და კაცის ცხოვრებით ცხოვრობდა”. გადამდგარი და აწ უკვე შემდგარი ლესბოსელი, მოუხელთებლად ქალი და მაინც ქალი, კეისი პარკსი, გამომძიებელი ჟურნალისტის როლის მორგებით, აკეთებს იმას, რამაც, ამ წიგნთან შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, მინერალურ წყალში გამაზავა და ისე მომინელა. ის ეძებს ამბებს როის პერსონაჟის ასაწყობად. ეს ამბები კი, ადამიანებში, ნივთებსა და დაბის უპრეტენზიო ცხოვრებაში თანაბრადაა გაბნეული. სახლები, ქუჩები, ხეები - მათაც შეუძლიათ თხრობა, თუკი ცოტა ხნით გაუჩერდები.
აი, ეს საქანელები აქ არ ყოფილა. ეს ჯიხური თითქოს სულ იყო. ჯიხური ტყეში. ტყეც სულ იყო. ტყე გზის პირას. ტყე გზაზე. ტყე გზად. გზა გადააქვთ. ერთხელ სათამაშო თოფი ვიყიდეთ. ხუთთეთრიანებით შევაგროვეთ და ათი თეთრი დაგვაკლდა, მერე კიდევ მივედით. ირმა დეიდაააა, ირმა დეიდააა - ზოგჯერ დაკეტილი იყო ხოლმე და პირველად ვარ ამ მუზეუმში და უხერხულობისგან ზურგი მეწვის. არ ვიცნობ ამ ხალხს, მაგრამ თან ყველა ნაცნობია. დედაჩემის ამბებიდან განსხეულებული სახელებია, არც ერთი წარმომედგინა აქამდე. მეც რაღაცის განსხეულება ვარ მათთვის, რაღაცის, რასაც არ ვიცი ვეწინააღმდეგები, თუ ვეთანხმები. აი, ამ ტრასას გავყურებდი ხოლმე ჩემების მოლოდინში. თამაშიც გვქონდა მე და ჩემს ბიძაშვილებს, მხარეებს ვინაწილებდით და რომლის მხრიდანაც მეტი მანქანა გაივლიდა - ის იგებდა. ვერ ვიხსენებ მოგებულს, მაგრამ ტრაილერი, ტრაილერი სხვა საქმეა.
შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება
გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა შემოვლითი გზა გახსნეს - მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება
მაგისტრალზე “ჰამაკების ბაზრობისთვის” მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები - საგზაო დეპარტამენტი
ამ ბოლოს თან ახლავს თონის ფოტოსურათი, მაგრამ არაფერია თონეებზე ნახსენები. 2020 წლის საქაღალდე შემთხვევით მომხვდა ხელში. მუზეუმის კაბინეტში მჯდომს ყავა რომ შემომთავაზეს მომერიდა ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების ამოპირქვავება. რაც ხელის გაწვდენაზე იდო ის გადმოვალაგე და თვეებად დახარისხებული ნაცნობი ამბები კიდევ ერთხელ გადავფურცლე. 70-იანებსაც გადავწვდი. პრინციპში, სარედაქციო ენა არ შეცვლილა, სამაგიეროდ,
სურამში, მშვიდობის ქუჩა ახალ სახეს მიიღებს
და ველი მომენტს რომ ვიკითხო. “კი, ლალის შვილი ვარ”; “არა, დედა აქეთ არაა”; “კი, კვლევას ვაკეთებ”; “ბიძაჩემთან ვრჩები, ზევით”; “ბევრს მიყვებოდა დედა” “დიახ, დიახ, აუცილებლად” “ქეთინოს იცნობდით?” - ვერ ვიკითხე. სამაგიეროდ,
დაბა სურამში, მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
და ვხვდები მას და მინდა ვკითხო: ქეთინოს იცნობდით? “დიახ, დიახ, დედამ რომ დაგირეკათ”; “კი, მამსგავსებენ, მამასაც მამსგავსებენ”; “ახლა ორი კვირით ვარ, მერე ვგეგმავ უფრო დიდი ხნით ჩამოსვლას”; “დიახ, აუცილებლად”. ვერ ვეკითხები. სამაგიეროდ,
დასასრულს უახლოვდება დაბა სურამში მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
და მასაც ვხვდები და მასაც მინდა ვკითხო და ჯანდაბა, რომ ვერ ვეკითხები. არადა,
სახლი მშვიდობის ქუჩაზე
“ქეთინოზე დაწერე! ქეთინო ხომ იცი? ქალაბიჭა ქეთინოზე იცი?” - მითხრა და ყველაფერი ასე დაიწყო და ბევრად ადრე. ფრანგულის მასწავლებელს ვეძებდი და ვიპოვე და ვიპოვე დედაჩემის მეგობარიც და შეხვდნენ ისინი ოცდახუთწლიანი პაუზის მერე და ილაპარაკეს ისე, თითქოს გუშინ ნახეს და ილაპარაკეს ყოველდღე და მასწავლა მან მე ფრანგული და ვესტუმრე მას მე სურამში ზაფხულს და სამი წლის შემდეგ მესტუმრა მე ის საფრანგეთს შემოდგომით და მითხრა, რომ ქეთინო და დარეკა დედამ ზამთარს რომ თქვას, რომ ნინო აღარაა და გაწყდა გონება და დავუბრუნდი მე გაზაფხულს სურამს, იმიტომ რომ ქეთინო, მაგრამ ნინო აღარ.
როდესაც მაისის საღამოს სეანსზე ფილმის სათაური რუსულად გოგონების, ქართულად ქალიშვილების და ორიგინალ ენაზე სექსუალურობის პირობას დებდა, მონროს კაბიდან დალანდულმა ძუძუს თავებმა ორი ძმაკაცის პირიდან ერთხმად ამოაყმუვლა: “ტიტველიააა!”. არ ვიცი მაგ დღეს სად იყო ქეთინო. იქნებ, დარბაზშიც? ან იქნებ, დააგვიანა? ან, ვინ იცის, ეგებ, არც კი უფიქრია კინოში წასვლა? მარტომ გაისეირნა? მარტო არ იყო? სად იყო? ვინ ახლდა? აკოცეს? სად? ააა, ფილმში აკოცეს? დარბაზში მჯდომმა დედაჩემმა სულ არ იცოდა, რომ ოდესმე ვიარსებებდი. არც მე მქონია ამაზე ბევრი ინფომრაცია, მაგრამ ქეთინო იქნებოდა სადღაც ახლომახლო, რადგან არაა სურამი დიდი და ერთი თავში და მეორე ბოლოში არც ისე შორსაა ერთმანეთისგან. ლესბოსელიაო მაგას ვინ იტყოდა?! მითუმეტეს, - ბუჩი ლესბოსელიო. ან რატომ უნდა ეთქვათ? მაგას კაცები არ მოსწონსო კი აიდგა ფეხი ხმამ, მაგრამ რად უნდა ამას ლესბოსელობა?! ნამეტანი კაცივით აცვიაო ესეც თქმულა, თუმცა ან ამას რა ხელი აქვს (მხოლოდ) სექსუალობასთან? ენას არ ჰქონდა მოხელთებული ეს სიტყვები და ვერც ამ სიტყვებმა მოიხელთეს ქეთინო. “უბრალოდ” ქეთინოც ვერ იყო თვითკმარი, თითქოს, და ქალაბიჭას სახელდებაში ჩაიჭეჭყა მთელი ბუნდოვანება. და ასე ეძახდნენ ქეთინოს ქალაბიჭა ქეთინოს.
ქალაბიჭა ქეთინო ცხოვრობდა იქ და აკეთებდა ამას. დგებოდა ამ დროს, იცვამდა, ჭამდა და ზოგჯერ წყალსაც სვამდა. ვიფიქრე, “ამას” და “იმას” თუ გავიგებდი რაღაც მეცოდინებოდა. მინდოდა მცოდნოდა. მართლა რომ ეარსება, უნდა მცოდნოდა. და ამიტომ დავუბრუნდი ადგილს, სადაც დედაჩემი ზოიას და გივის შვილია, მე კი - მათი შვილილი. დავუბრუნდი და მომეჩვენა, რომ არსებობა მთლიანად ჩემს კისერს ჰქონდა დაკონწიალებული და შემეშინდა კისრის დაღლის. მომეჩვენა, რომ კისერზე ის ყუთი მედგა თავდახურული. დრახ! და ერთიანად გადმოიყარა
ოჯახის ერთადერთი საერთო ფოტო
აგერ ის საათიც
აი, ამ სპექტაკლზე როდისღა ვიყავი?
ეს ფოთოლი უხსოვარი შემოდგომიდან
რამდენი მოგიწერია
ეს ნინამ მომცა
ეს ის ძაფია ახალი წლის ღამიდან
“ალპენ გოლდის” ქაღალდი? უკვე ზედმეტია
ეს არ ვიცი რა არის
ვიღაც გარდაცვლილა ერთხელ და აღმოჩნდა, რომ ყველა კბილის ჯაგრისი ჰქონდა შენახული. ყველა! და ეს ყუთი რომ გადმოპირქვავდა აღარაფერი დარჩა ჩემგან და დავავიწყდი მათ, ვის ყუთებშიც ადგილი ვერ მომეძებნა, და მათ, ვინც ამ ყუთში ადგილი ვერ გამოძებნა. რას იტყვის, ნეტავ, პირის ღრუს ჰიგიენა ჩემზე? მაგრამ ვერც ერთხელ დავსვი კითხვა, რადგან ახლდა თან ამ კითხვას რაღაც ისეთი, რაღაც ისეთი. მხდალო! დავბრუნდი კია, მაგრამ ვერ ამოვთქვი სწორი სიტყვები. მუზეუმის კაბინეტში ვიჯექი და ვფურცლავდი საქაღალდეების დასტას. ვიცოდი, სადღაც, 70-იანებში უნდა მეპოვნა ერთი სტატია, მომცრო, მივიწყებული სტატია. სამაგალითო ქალიაო - მეტყოდა გაზეთი, - გამოჩენილი შრომის მუშაკი. და ეთქვა მერე, მაგრამ ვიღაცამ დამალა, ვიღაცამ დამალა ლექსიკონი და მეც ამოვიხრიალე ინსტიტუტიტი-ინსტი-სტიტიცი ინსტიტუციონალიზებული არქივი, ინფრასტრუქტურა, ერთი ტურა, ორი ტურა, ავტო, ავტო, ავტოქარხანა, ავტომობილი, ავტორიტარიზმი. აი, აი, აი, წაიღეთ რა, წაიღეთ, სადაა ჩემი ლექსიკონი, უნდა ვიკითხო, ქეთინოზე მინდა ვიკითხო!!! კაი, რა გაყვირებს, მეგობარო, ვუყურებთ ხალხი! “პუჰ” დაასრულა სიმღერა მონრომ და მიჩუმდნენ მეგობრებიც.
***
ღამეა, ვერ ვიძინებ
რვა წლის ვარ და პირველად ვნახე სიზმარში რომ მოდის რკინის კლანჭებით. ნათესავმა შესცოდა, ათი წლის ზრდასრულმა და დისკით მოიტანა. სხვაც მქონდა მაგ დროს ნანახი. კიდევ სხვაც, ცალი თვალით, მოჭუტულად. აქ სიზმარში მოდიოდა. ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი.
ღამეა, ვერ ვიძინებ
ჩემდა ჭირად დავბრუნდი სახლში. ძვლებში მამტვრევს. ჯერ არ ვიცი კლინიკაში რომ დამაწვენენ. ქეთოს ლაივი აქვს ჩართული. ელისაბედის ხმაც ისმის. გარბიან, ახლა გაჩერდნენ. კიდევ გაიქცნენ. განზე ნუ დგახართ, სხვები წინ არიან, რატომ ჩამორჩით?! იარაღი აქვს.
ღამეა, ვერ ვიძინებ
არადა, ლამის ჩამეძინა. ექთანი შემოვიდა. წვეთოვანს გამოვცვლიო მითხრა და გასვლისას შუქი არ ჩააქრო, ამიტომ
ღამეა, ვერ ვიძინებ
ხვალინდელ გეგმას ვხაზავ გონებაში. თუ არასოდეს დავიძინებ, ეგებ, ყველაფერი მოვასწრო?
ჰოდა, არ ვიძინებ
ცივა. გავიქცევით. ცხელა. გუშინ აირწინაღში თმა ჩამომეფარა და კინაღამ ჩამავლეს. სახლიდან გამოსვლისას შევიჭერი ვარდისფერტარიანი ქაღალდის მაკრატლით. მეღიმება. ცივი ჰაერი კბილებზე მხვდება და პირს ვკუმავ.
ღამეა, ვერ ვიძინებ
ერთხელაც ვერ დავსვი კითხვა. რამდენჯერ დამისვამს, მაგრამ იქ ერთხელაც ვერ დავსვი. რატომ, ვითომ, იქ ვიღაცის შვილი და ვიღაცის შვილიშვილი რომ ვიყავი? რა იცის ახლა იმან? მაგრამ თან იცის. ან მე რა ვიცი, მაგრამ ხომ ვიცი? რა ვკითხო ისე, რომ მთლად არ გავთქვა, მაგრამ თუ არ ვკითხავ რას გავიგებ? ვერც ვერაფერი გავიგე და წამოვედი.
ღამეა, ვერ ვიძინებ
აღარაა არქივი, სულ აწმყო
ღამეა, ვერ ვიძინებ
ქარმა ღრუბლები გადმოყარა და კიდეც გაწვიმდა. მე, იმ ოთახში, ბებოს და პაპას რომ ეძინათ, მარტო დავრჩი. სიზმარში მოდისო და ძილს ვერ გავბედავდი. სიზმრად გამოგდებს კლანჭებს და ცხადში ნაწილებად დაგშლის. მეორე სართულზე არავის სძინავს. მეორე სართულზე მარტო მე ვარ.
მე არ მძინავს.
სახლები დალეწა! სულ მთლად გადაათეთრა! ოთახში ზის მოხუცი თავის მკვდარ შვილთან მარტო. ყველგან თოვლია. ოღონდ დამეძინოს. მოვიდეს სიზმარში. ოღონდ შეწყდეს თოვა.
ღამეა, ვერ ვიძინებ
ლიფტის ხმა მესმის და მოვიდნენ მგონი. რა გაცინებს, იმათ თუ შეუვარდნენ?
ღამეა, ვერ ვიძინებ
შუადღით ჩავიარე. ტელევიზიასთან არავინ იდგა და დღის შემეშინდა. კიდევ კარგი, რომ
ღამეა
მეორე სართულზე არავის სძინავს. მეორე სართულზე მარტო მე ვარ. მე არ მძინავს. ვინ დამწყევლა ამისთანა, რომ კიდეც წვიმს და ქარია. ოთახში არავინაა. ვნახე როგორ ფატრავდა სიზმარში. შუაგულ ტყეში გამოკონწიალებულ სახლში მე ვარ რვა წლის. ფანჯარას ახეთქებს დატოტილ კლანჭებს და ჩემს ბედს დასცინის ჭანჭური.
ღამეა, ვერ ვიძინებ
26 ნოემბერი იყო და ერთი აბზაცი მივამატე ტექსტს. არაფერი იყო კარგად. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ქეთინოს ამბავს ვყვებოდი. ვიფიქრე, თუ მოვყვებოდი რაღაც მეცოდინებოდა. ვიფიქრე, თუ მოვყვებოდი, ვიღაცისთვის მნიშვნელობა ექნებოდა. ერთი დღით შევისვენებდი - ესეც ვიფიქრე. მას მერე
ღამეა, ვერ ვიძინებ.


