3.არქივი არ იქნება:თანმდევი უკმარისობა
მარიამ სონღულაშვილი
ტექსტის ნაწილი 2025 წლის იანვარშია დაწერილი, ნაწილი კი მანამდე, სანამ ჯერ კიდევ შემრჩენოდა სიტყვების გამოყენების უნარი. ახლა, როცა აწმყომ მომიცვა, როცა სკანდირებული მეტყველება იქცა ყოველდღიურობად, როცა “მანამ” და “შემდეგ”, როგორც დროითი აღმნიშვნელები ვეღარ ვარგობს, ნოსტალგიის მოუხელთებელი შეგრძნებაც ისე გაიცრიცა, როგორც მზის სხივებით გახუნებული ფოტოქაღალდი.
ზუსტად არ მახსოვს, პირველად როდის და რისთვის შევედი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში1 - წიგნების ელექტრონული ვერსიების, თუ ნამუშევრების მოსაძიებლად? - ის კი ვიცი, რომ დროდადრო მახსენდებოდა და ფოტოებს უმეტესად გეოგრაფიული დასახელებების მიხედვით ვეძებდი. იმ ადგილებს, რომლებსაც ასე თუ ისე ვიცნობდი. ხან კი სულაც, უმიზნოდ, როგორც სოციალური ქსელის გვერდს, ისე ჩამოვუყვებოდი ვებგვერდს. ამ პროცესს აქვს რაღაც მიმზიდველი და ჩამთრევი, იმდენად შორეული და უცხოა ყოველი შემდეგი გამოსახულება, არასდროს იცი რას უნდა ელოდო. არც ის იცი, ზუსტად საიდან, რომელი წერტილიდან და როგორ დაიწყო ძიება. სწორედ, მორიგ ასეთ ჯერზე, მომხვდა თვალში სიტყვიერი მონიშვნა: “უცნობი ქალის ფოტო”.
მარცხნივ - “შუქრუთელი ახალგაზრდები”. მარჯვნივ - “უცნობი ახალგაზრდები”.
ციფრულ კატალოგში დაახლოებით 270,000 ფოტო ინახება, საძიებო სიტყვა “უცნობს” 3600 მათგანი შეესაბამება - დაახლოებით 1,33%. ფაქტია, ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დანარჩენ 88,67%-ში შემავალ ფოტოებზე გამოსახული ადამიანი, თუ ლოკაცია, ცნობილი და იდენტიფიცირებულია. მაგალითად, სიტყვა “ახალგაზრდებს” დაახლოებით 300, ხოლო “ახალგაზრდას” 3000 ფოტო შეესაბამება. მათი უმეტესი ნაწილი, ჩემნაირი, დაუკვალიანებელი მნახველისთვის, ამოუცნობია, მაშინ, როდესაც, “შუქრუთელი ახალგაზრდებით” მონიშნულ ფოტოზე გამოსახული ადამიანები თავისუფლად შეიძლება, თავად შუქრუთელებისთვის ახლობლები და ნათესავები აღმოჩნდნენ.
უცნობი ქალების ფოტოების შეგროვება ამ შემჩნევის შემდეგ დავიწყე. იმ დროს, ვგეგმავდი ზინის ფორმატში, დამუშავებული, მოდიფიცირებული ფოტოები დამებეჭდა, თუმცა საბოლოოდ, საკუთარ თავს ამის უფლება ვერ მივეცი. დისტანცია, რომელიც ამ გამოსახულებებთან მაშორებს, თითქოს ყველანაირ თავისუფლებას მაძლევდა, მაგრამ მეორე მხრივ, ეჭვი არაა, რომ მოუხელთებელ პასუხიმგებლობას ვგრძნობდი იმ მზერის, თუ აურის მიმართ, რომელსაც ვხედავდი. თითქოს, უკვე დავიწყებულად მონიშნულები, ისინი, ვინც შემთხვევითობის წყებამ შეინახა და ჩემამდე მოიყვანა კიდევ ერთხელ, ხელოვნური ჩარევით (ფოტოს ციფრული დამუშავებით) უნდა დამეშორებინა მათ ორიგინალ სახეს. ახლა, საბეჭდი ფაილი ჩემს მყარ დისკზე ინახება, ტექსტი კი, რაღაც მსგავსად გამოიყურებოდა:
“ფოტოგრაფიული გამოსახულებების ძალა მომდინარეობს მოცემულობიდან რომ ისინი თვითონაც მატერიალურ სინამდვილეს წარმოადგენს.2” ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ წარმოადგენდა, რადგან ახლა, ყოველი მათგანი სხვადასხვა ფერის წერტილებისგან, პიქსელებისგან შემდგარი ბადეა. ფოტოზე გამოსახული კანისგან არეკლილი სინათლის სხივები, რომლებიც დადასტურებულად მოხვდა მგრძნობიარე სიბრტყეზე და შემდეგ ანალოგურად რეპროდუცირდა, ციფრულად ნახვისას დაკარგულია.
“ფოტოები ხომ არა მაინცდამაინც მახსოვრობის, არამედ უფრო მახსოვრობის გამოგონებისა თუ ჩანაცვლების ინსტრუმენტია.3” ვიზუალური არქივის შემოქმედებით პრაქტიკაში ჩართვა, დამიწების საშუალებად შეიძლება იქცეს. მითუმეტეს ახლა, როცა ყველაფერი ციფრულ გამოსახულებად გარდაქმნისკენ ისწრაფვის, სადაც მოშლილია მნიშვნელოვნების შესაბამისად სელექციის, შენახვის, დამახსოვრების კრიტერიუმები. სადაც ყოველი შემდეგი ანაცვლებს წინას, თანაც იმ გათვლით, რომ თავადაც ჩანაცვლებადია, სადაც ხელმოსაჭიდობა, დამამახსოვრებლობა, უშუალოდ ბმაშია განმეორებადობასთან, სიხშირესთან.
ამიტომაც, გვიწევს ახალი ტიპის ხიდების აგება მათთან დასაკავშირებლად, ვინც დროის დინებამ, შემთხვევითობამ, თუ მიზანმიმართულმა ძალისხმევამ წაშალა, დაივიწყა, ბოლომდე ვერ გააქრო, მაგრამ უცნობი და უცხო შეარქვა. განცდა, რომ ეს განმეორდება და უცნობი თავად ჩვენ ვიქნებით ყოვლისმომცველია. ეს არ არის შიში, ეს უკვე დაკანონებული რეალობაა…”
ეს ფაილი, როგორც უკვე ვთქვი, ფიზიკურად არ არსებობს, არც იარსებებს. თუმცა კარგი საფიქრალი ნიადაგი მომცა იმისთვის, რომ გამომერკვია, რა მიბიძგებს ყოველ ჯერზე ახლიდან ვათვალიერო ათასობით ფოტო, იმის იმედად, რომ რომელიმე იმაზე მეტს მეტყვის, ვიდრე ეს შესაძლებელია. ამ შეგრძნებას, ალბათ ნოსტალგია ჰქვია: ცრუ იმედი იმისა, რომ რაღაცას გამოიჭერ, მაკავშირებელ ძაფებს, საყრდენ ნიადაგს. ამ გრძნობას აუცილებლად სჭირდება დისტანცია, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ფიზიკური, გეოგრაფიული სიშორე, თუ დროში გადაშლილი. ნოსტალგია, სვეტლანა ბოიმს რომ დავესესხო, არის “ჯანყი დროის თანამედროვე აღქმის წინააღმდეგ, ისტორიისა და პროგრესის დროების წინააღმდეგ4.” მის გასაქარვებლად იქ იძირები, სადაც არაფერი გესაქმება, გარდა აუხსნელი ლტოლვისა და ეს წარსულისკენ მიმართული, სახეცვლილი მზერა, მომავლის ახალ ზმანებასაც დალანდავს.
საქართველოში, ვიზუალურ არქივზე შედარებითი ხელმისაწვდომობა იმით უნდა აიხსნას, რომ გამოსახულება კონტექსტის გარეშე ინტერპრეტაციის და ბუნდოვანების გაცილებით მეტ სივრცეს ტოვებს. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უმეტესი ფოტომასალა, ბაზის 63%, პროექტ ფოტომატიანეს კოლექციიდანაა. “„ციფრული ფოტომატიანე“ არის ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოაჩინოს, გააციფროს და გადაარჩინოს ოჯახებსა თუ დაწესებულებებში შენახული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტომასალები.” როგორც საიტზე ვკითხულობთ “ამ ფოტოების აღწერილობები მოწოდებულია უშუალოდ ფოტოების მფლობელთა მიერ და არ წარმოადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გადამოწმებულ ინფორმაციას.” ფოტომასალა კონტექსტის გარეშე, ნედლად, მხოლოდ როგორც ვიზუალური ინფორმაცია ისე წარმოგვიდგება. ზოგჯერ უცნობია, როგორც გადაღების თარიღი, ისე ადგილი. სიტყვიერი მონიშვნები კი, რომლებიც ძიებისას უნდა დაგვეხმაროს ისეთი ზოგადი აღმნიშვნელებით შემოიფარგლება, როგორიცაა “ბიჭი”, “ჯგუფური ფოტო”, “პორტრეტი” და ა.შ.
თუ საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოკატალოგის საიტზე შევალთ, ვნახავთ, რომ მასზე 274 625 ფოტოა ხელმისაწვდომი, თუმცა ციფრულად დათვალიერებისას თითოეულს არქივის ლოგოს ნიშანი ფარავს. როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ: “მოქნილი საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ, იპოვნოთ თქვენთვის საინტერესო ფოტო და შეიძინოთ ის სახლიდან გაუსვლელად, ან ნებისმიერი მათგანი შეინახოთ საძიებო პროგრამაში, თქვენს პირად ალბომში.” სამწუხაროდ, ვერც მათ საძიებო სისტემას დავუმეგობრდი და ვერც საიტზე რეგისტრაცია შევძელი, იმისთვის რომ გამეგო, რა ხარისხის ციფრულ ასლზე მექნებოდა წვდომა ფოტოს 7 ლარად შეძენისას: “დარეგისტრირების პროცესი შეწყდა”. შესაბამისად, თანდართული ფოტომასალა მხოლოდ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან იქნება.
როგორი ბედი ეწევათ მივიწყებულ, გადაუთეთრებელ შავ ფურცლებს, დალუქულ, გაუხსნელ ყუთებს? ყოველი ჩანაწერი და ჩაჩურთული ნივთი არც წარსულისაა და მითუმეტეს, არც აწმყოსი. “მეოცე საუკუნე ფუტურისტული უტოპიით დაიწყო და ნოსტალგიით დასრულდა5”. ოცდამეერთე საუკუნე კი ამ ორის რეანიმაციის მცდელობას ემსგავსება. ჩვენი წარსული მომავალს ეკუთვნის და ლტოლვა მის მიმართ, არაფერია თუ არა მცდელობა მომავლის ბუნდოვანი სიგნალების დაფიქსირებისა. კოლექტიურ, თუ პირად მეხსიერებაში ჩაძირვა უკუკავშირზე დაყრდნობილ სისტემებს ემსგავსება.
წარსულისკენ მიმართული მზერა გავს სიგნალს, რომელიც უბრუნდება სისტემას, გადამუშავდება და პირველადი წყაროს ზედნადები ხდება.
[იქამდე ვერ შეამჩნევ, სანამ არ შეიცვლება, ის კი არ იცი, რა შეიცვლება და როდის.]6
სინათლის ან სითბოს ზემოქმედებას შეუძლება დაშალოს ქაღალდის ბოჭკოები და გააქროს მელნის კვალი. ჰაერის დამაბინძურებლები, მათ შორის გოგირდის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდები, ურთიერთქმედებენ ქაღალდთან და აჩქარებენ მის შლას. ეს დამაბინძურებლები ხელს უწყობს გაუფერულებას და ბოჭკოების შესუსტებას. ნესტიან პირობებში შენახვის შემთხვევაში, ქაღალდს შეიძლება მოედოს ობი ან სოკო. ამ შემთხვევაში, ზიანდება არა მხოლოდ ბოჭკოები, არამედ ლაქავდება ქაღალდიც და ჩნდება უსიამოვნო სუნი. ტერმიტები და ხოჭოები იკვებებიან ქაღალდის ბოჭკოებით. არასათანადო მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაკეცები, ნახევები და ზოგჯერ, თითის ანაბეჭდისგან დარჩენილი მუდმივი ლაქები.
ფოტოქაღალდის უკანა მხარე, ისევე ინახავს დროის სვლას, როგორც თვითონ ფოტოგრაფიული გამოსახულება. ჟანგის და ობის მსგავსად აჭრელებული ზედაპირები, წარწერით, თუ მის გარეშე, მოწმობენ იმ დროით უფსკრულს, ჩვენს შორის რომ გაჭიმულა. ეს მართკუთხა ტექსტურული ხმაური დროის აბსტრაქტული გამოსახულებაა.
[იმაზე უცნაური ალბათ იშვიათად თუა რამე, როცა საკუთარ თავს ვეღარ ცნობ, მხოლოდ ის იცი რომ ეს ფურცლები შენ გეკუთვნოდა, ხელწერაც შენია, ასო ნ-ს ასე შენ წერ, ან შენი ძმა, მაგრამ შენია, შენს ჯიბეებს, როგორც ყალიბს ისე მორგებული.]
სხვა, “უცხო” ქვეყნის არქივში რომ ვიქექებოდე, ვიტყოდი, იმიტომაც ვერ ვგრძნობ მკაფიო სიახლოვეს, “ჩემი” რომ არ არის მეთქი. უცხოა, შორსაა და მასთან მყარი არაფერი მაკავშირებს. მაგრამ ფაქტია, გაუცხოების შეგრძნებაა ის, რაც მითრევს. ვერაფერს ვგრძნობ, წარმოდგენა არ მაქვს როგორი იყო მაშინ არსებობა. და მაინც, ვერ ვწყდები ფოტოზე ასახულ მზერას, ფაქტურას. თუ შევეცდები ნოსტალგია განვმარტო, ალბათ მას უკმარობის შეგრძნებას შევადარებდი.
[სიწყნარეა, ყვარლის ზაფხულის სუსხიანი დღე მახსენდება. სიზმარშიც დემონსტრაციები.]
“როცა ფოტოს განვმარტავთ, როგორც უმოძრაო გამოსახულებას, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მასზე გამოსახული ფიგურები არ იძვრიან. ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ მათ არ შეუძლიათ დატოვონ ფოტოგრაფიული გამოსახულება, ისინი არიან ანესთეზირებულები, დაბმულები, როგორც პეპლები.7” კამერას შეუძლია გამომეტყველების ისეთი ნიუანსები აღწეროს, რომელთა კონტროლის ძალაც არ შეგვწევს, მას აქვს არაცნობიერის გამოჭერის უნარი, ის ხაზგასმის, ყურადღების კონცენტრირების გზაა8. თუ ახლო ხედს ადამიანისა და საგნების ინტიმური ფიზიონომიის გამოკვეთა შეუძლია, თუ ვიზუალური ენა სიტყვებისგან სრულიად დამოუკიდებელია, თუ სხეულის ენა არა სიტყვების თარგმანი, არამედ ირაციონალური შინაგანი სულის გამოხატულებაა, რომლის მედიატორიც სხეული ხდება, მაშინ გასაკვირი არაა რომ სწორედ ამ ინტიმურობას ვეძებთ ვიზუალური არქივის თვალიერებისას.
[როცა მივხვდი, ცოტაც და ვეღარ გავუძლებ-მეთქი - არც კი ვიცოდი ზუსტად რას, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა, ვიყიდე სამი წითელი წიგნაკი, ერთად, შეკვრაში, გულისჯიბეში რომ ჩამტეოდა ისეთი და გვერდით მექანიკური ფანქარი მივუდე, 2მმ-იანი გრაფიტის შიგთავსით. პირველად მოხდა, რომ გვერდები არა სუფთა, არამედ დახაზულია. ვიზუალური, ინტერპრეტირებადი გამოსახულებების ადგილი არაა, ვწერ.]
ჩვენი ბუნდოვანი კონტურები შესაძლებელს ხდის დაშვებას, რომ ჩვენი ფორმები ერთმანეთის შესაბამისია. რასაც ამ დროს გრძნობ, ერთობის განცდაა, რომელიც უიმედობამ მოიტანა. თუ ხმა წართმეული გვაქვს, წარსულის ექოც აღარ გვპასუხობს, იქნებ, შემთხვევით შემხვედრმა მზერამ გვიპასუხოს?
ყვარელი
ერთია არქივში შემონახული ადამიანები, მეორე კი, ურბანული ლანდშაფტები. ქალაქი თავისი სხეულით ინახავს იმას, რაც არქივისთვის, მისი კლასიკური გაგებით, მოუხელთებელია. მაგრამ, ამავდროულად, ვიზუალური არქივი სავსეა ურბანული ლანდშაფტის ამსახველი გამოსახულებებით. მათი ნაწილი ისეთივე განწყობას აღძრავს, როგორსაც ეჟენ ატჟეს ადამიანებისგან დაცლილი პარიზის ქუჩები და ჩიხები - შორეული, უცხო და მოუხელთებელი.
მეხსიერების გეომეტრიას ქალაქის ფორმა აქვს. ის კოლექტიური ვიზუალური არქივია - სავსე კლაუსტროფობიული ოთახებით, რომლებიც ადრე, თუ გვიან იფეთქებს. ხილვადდება, როგორც გადაადგილების პროცესში, ისე უმოძრაობისას. მასზე დაკვირვებისას ხვდები: ქალაქი ამბოხის და მისი შეუძლებლობის ტერიტორიაა.
[აღარაფერს აქვს დასასრული, არც დღეებს, არც დემონსტრაციებს, არც დაღლას. დაისვენე, სანამ დროა.]
ასე, კონტექსტისგან მოწყვეტილი სახეები, თუ ლანდშაფტები, ისეთ რიგით დამთვალიერებელს, როგორიც მე ვარ, განაიარაღებს და ნოსტალგიის შეგრძნების სწორხაზოვან დაკმაყოფილებას სთავაზობს. მსგავსად “დახარისხებულ” არქივთან შეთამაშება გამოძიებას ემსგავსება, რასაც ხედავ, რაც მოგეწოდება, მას ვერ ენდობი. თითქოს ახალი მნიშვნელობის შექმნის თავისუფლებას გაძლევს, მეორე მხრივ კი ხელფეხშეკრულს გტოვებს.
[რაღაც ემზადება ჩემში, ის, რისთვისაც მზად არასდროს ვყოფილვარ. სინათლე ჩუმად არ ჩნდება. მას, ვინც გაჩუმებულია, ექოც არ უპასუხებს. ასე რომ დროა, მალამოდ მოგედოს ის, რაც შხამად უნდა ქცეულიყო.]
ნაკლებად რომანტიკული და პოეტური რეალობა ისაა, რომ ზემოთ აღწერილი გაუცხოების, ფაქტურის, მზერისა, თუ ცვლილებებზე დაკვირვების მიზიდულობა ერთადერთია, რომლის შეგრძნების უფლებაც როგორც დამთვალიერებელს მონიჭებული გაქვს. წარსულის შესახებ კონკრეტული ცოდნის აკუმულაცია იარაღია, ამ ფორმით არსებული ციფრული არქივი კი წარსულისადმი ლტოლვის მხოლოდ დაამებას, შენს განიარაღებას ცდილობს.
[ველოდები, ველოდები, ველოდები.]
ტექსტში გამოყენებული ვიზუალური მასალა აღებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან
https://dspace.nplg.gov.ge/
სიუზან ზონტაგის “ფოტოგრაფია” 214 გვ. გამომცემლობა “დიოგენე”
სიუზან ზონტაგის “ფოტოგრაფია” 195 გვ. გამომცემლობა “დიოგენე
სვეტლანა ბოიმი, “ნოსტალგია” - https://shorturl.at/W74rm (26.02.2025 - 19:53)
სვეტლანა ბოიმი, “ნოსტალგია”
ამ ფორმატში მოცემულია 2024 წლის გაზაფხულის პირადი ჩანაწერები.
როლან ბარტი “კამერა ლუსიდა”
უნგრელი კინოთეორეტიკოსის ბელა ბალაშის მიხედვით. ის საუბრობდა მოძრავ ფოტოგრაფიულ გამოსახულებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, სრულიად თვითნებურად, განვაზოგადე.







